მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა – ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ღარიბაშვილის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა ექს-პრემიერის ადვოკატებმა მოითხოვეს – ლალი აფციაური ამბობს, რომ ღარიბაშვილის ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება.
აფციაურის შეფასებით, ბურჭულაძის ჩვენება არის ზედაპირული და არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რა ფორმით მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა და აკლია მკაფიოობა.
რაც შეეხება მხეიძის ჩვენებას, აფციაური ამბობს, რომ ის ირიბია, რადგან მხეიძე არ ყოფილა თანხის გადაცემის მოწმე.
„ორივე მათგანმა მიიღეს შეღავათები და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“ – თქვა იურისტმა.
ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, – ბურჭულაძის ჩვენებით, – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
