“განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, ჩვენების მოპოვების მიზნით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ” – ყვარელში მომხდარზე, ადგილობრივი პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ სოფელ შილდაში მომხდარი ინციდენტის გამო, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, ჩვენების მოპოვების მიზნით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ, რომ მათი უფლებები არ დაერღვიათ, წინასწარ ვაფრთხილებდი პირადად, რომ ახალგაზრდებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. თუმცა, ორი ახალგაზრდის შემთხვევაში, ეს არ იქნა გათვალისწინებული”- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ნინო ხუციშვილი.
ის შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
გუშინ, 17 ოქტომბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ახალგაზრდა დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავედ არასრულწლოვანი სახელდება. მის დაკავებაზე შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პოლიციამ დაჭრილის თანმხლები პირები და მათი ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
