ჯანდაცვის სამინისტრომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეული წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა განხორციელდება.
„კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის განაცხადში მითითებულ დევნილის სტატუსის მქონე პირ(ებ)ს არ უსარგებლია(თ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია დევნილი ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას (განაცხადში მოცემული პირთა წრე შეესაბამება რეალურად განაცხადის მისამართზე მცხოვრებ დევნილ პირთა წრეს)“, – წერია ბრძანებაში.
კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახი ავსებს სპეციალურ განაცხადის ფორმას. განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი კომისია.
“დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებისა და გადამოწმების შემდეგ, განაცხადები მონიტორინგის დეპარტამენტს გადაეცემა. საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება წერილობით ეცნობებათ. იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა ეცნობება წერილობით”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
კომპენსაციის გაცემა ხორციელდება განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.
