ბათუმში, ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
“მშენებლობის შეჩერებას ვითხოვთ. ბათუმის მერიამ საკითხი შეისწავლოს და შესაბამისი კვლევა დადოს, რომ სახლები უსაფრთხოდაა. 1200 კვადრატულ მეტრზე 26 სართული შენდება. მშენებელს სასაცილო არგუმენტი ჰქონდა, გვითხრა: დამიმტკიცე, ჩემგან რომ არის ზიანი მოყენებულიო… დაზიანებულია ეზო და სახლი, შიშით ვცხოვრობთ“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.
აღნიშნულ საკითხს ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ლელო – საქართველოსთვის“ წევრი ვაჟა დარჩია გამოეხმაურა, რომელიც ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა. მისი განცხადებით, პროექტი პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა რეალურად მშენებლობა მომიჯნავე ნაგებობებს თავად აქცევს ავარიულად, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ მერიას ეკისრება.
საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას განმარტებით, კომპანია ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ავარიული სახლები აიღო, 26-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, სამუშაოების დაწყების შემდეგ კი მეზობელი სახლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“კომპანია 26 სართულის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ადგილზე სახლები ავარიული იყო, რომლებიც აიღეს, თუმცა უცებ შეიქმნა რეალობა, რომ ამ სამუშაოების შედეგად, მომიჯნავე სახლებიც ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მერია თითქოს მოქალაქეებზე ზრუნავს და აცხადებს, რომ არ აპირებს, მოსახლეობამ ავარიულ სახლებში იცხოვროს, თუმცა ისეთი პროექტები მიმდინარეობს, რომ სახლები, რომლებიც საერთოდ არ იყო ავარიული, ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ… აქ მერიის პასუხისმგებლობაა. მოსახლეობა ითხოვს, შეჩერდეს მშენებლობა და მოხდეს იმის დამტკიცება, რომ ეს პროცესი მათი საცხოვრისისთვის უსაფრთხო იქნება“, – აცხადებს ვაჟა დარჩია.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბესიკის ქუჩის №81-ში მიმდინარე სამუშაოებზე, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
უწყების განმარტებით, სამშენებლო კომპანიამ ინსპექციის მითითება გაითვალისწინა და გამოვლენილი ხარვეზი გამოასწორა, რის შემდეგაც აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.
“ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბესიკის ქუჩის #81-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
სამშენებლო კომპანიამ გაითვალისწინა მუნიციპალური ინსპექციის მითითება და გამოასწორა გამოვლენილი დარღვევა, რის შემდეგაც საქმის წარმოება შეწყდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.
სხვა საკითხებზე დასკვნა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა მოამზადოს. თუ ექსპერტიზის შედეგად სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, კომპანიას შესაბამისი ხარვეზების გამოსწორება დაევალება. აღნიშნული საკითხი მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
სამშენებლო კომპანიას საკითხის შესწავლის მიზნით, მასალები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მიწისა და შენობის დაზიანება და გაჩენილი ბზარები”,- აცხადებენ უწყებაში
