ვენეციის კომისიის აზრით, ცვლილებები არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, კი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, – ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას.
თამარ ონიანის შეფასებით, “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იყო დამანგრეველი ეფექტის მქონე.
„2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (და ამასთან კავშირში სხვა კანონებში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში) შეტანილი ცვლილებები იყო იმ დამანგრეველი ეფექტის მქონე ცვლილებები, რომლებმაც მომეტებულად და გამიზნული ბუნდოვანებით გააფართოვა გრანტის დეფინიცია, და, ე.წ. არაავტორიზებული „გრანტები“ სისხლის სამართლის დასჯადობას დაუქვემდებარა. ეს მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში კონტროლის კიდევ ერთი მძლავრი იარაღის შექმნას.
ახლა ვნახოთ, რას წერს ვენეციის კომისია ამ ცვლილებებზე.
თეზისით შეიძლება შეჯამდეს და ორიგინალში დასკვნის 83-ე პარაგრაფი შეგიძლიათ იხილოთ:
ამ ცვლილებებს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი.
ვენეციის კომისია ამბობს, კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვასა და გაძლიერებას უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან.
სინამდვილეში, ამ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის შეიარაღებაა პოლიტიკური დღის წესრიგით გაცხადებული მიზნების მისაღწევად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფებზე მომეტებული კონტროლის დამყარება.
ვენეციის კომისიის აზრით, ცვლილებები არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ კი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
კანონმდებლობა ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.
განსაკუთრებით 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს (მთლიანობაში) კუმულაციური და სისტემური გავლენის გათვალისწინებით.
აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.
ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობილება და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის რისკს ქმნის“, – წერს თამარ ონიანი.
