რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! – არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაარსებას გამოეხმაურა.
მან მამუკა მდინარაძეს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ეს ადამიანი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. რადგან მას პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან და აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს საჯარო სექტორთან, თანამდებობასთან, შესაბამისად, დაკავდა კერძო საქმიანობით. წარმატებას ვუსურვებ იქ, სადაც არის,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.
