ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება – ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, საქართველო ციფრული ვალუტის შემოღებისგან ჯერ შორს არის. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით ბანკებს, მოსახლეობასა და საწარმოებს არ შეეხება, მაგრამ ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალება შეიძინოს, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს.
“ციფრული ტექნოლოგიები ფართოდ გავრცელდა. ათი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მივიღეთ კანონი ვირტუალურ აქტივებთან – ე.წ. ბიტკოინებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველოში არის სამი ციფრული ბანკი.
ციფრული ვალუტა მსოფლიოში ძალიან სწრაფო ტემპით ვითარდება. ჩვენ მისი შემოღებისგან, გინდ ტექნოლოგიურად, გინდ სხვა კუთხით შორს ვართ, მაგრამ ვიწყებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში ტესტური მუშაობა დაიწყოს. ჩინეთში ციფრული ვალუტა უკვე მუშაობაშია. ინდოეთში მუშაობაშია. ჩვენს სამეზობლოში – რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი უკვე სამუშაო პროცესშია. უკრაინა მუშაობს და ჩვენზე წინ დგას. რაც შეეხება მთავარს – ევროკავშირს, ევროკავშირში, რომლის მაგალითის აღებაც ჩვენ გვაინტერესებს, სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციფრულ ვალუტაზე 2030 წლამდე გადავიდნენ. 2026 წლიდან ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით ხდება, 2030 წლამდე საბითუმოზე გადავლენ, საცალოზე და 2030 წელს ეს სრულად შევა ძალაში.
ჩვენს შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ შეეხება ბანკებს, მოსახლეობას და საწარმოებს. ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, რომ ერთი მხრივ პროცესი აკონტროლოს და მეორე მხრივ, შეეძლოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ბლოკჩეინები შეიძინოს, რათა მზად იყოს და თუ ამის საჭიროება დადგება, გამოშვების საშუალება ჰქონდეს, ასევე აიყვანოს კადრები და სპეციალისტების, რათა მზად იყოს ყველანაირად, რომ თუ პროცესმა გაამართლა და სწორად წავიდა ჩვენ სამეზობლოში თუ ევროკავშირში, ჩვენ აქტიურად ჩავერთოთ. ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, რომ შეიძინოს ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალებები, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
