გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარემ დღეს მისი შვილის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არის, გამოოძიების ნებისმიერ დროს უპასუხოს.
დღეს დაიკითხნენ გამომძიებლები, ვინც ამ საქმეს უძღვებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომ ის რაიმე სახით ეხმარებოდა ან შეხვედრია როდისმე დამნაშავეებს და ა.შ. გარდა ამისა, დღეს ექსპერტიც იყო, რომელმაც ასევე დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ ჩვენ, რომ არცერთი ვიდეო ზარი არ განხორციელებულა გაბაშვილსა და ჩემს შვილს შორის.
ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს რეალურად.
გამოითქვა ვარაუდები და იყო საუბარი, რომ შეეძლო მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია [გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის]. რა ინფორმაცია ან რა სახის ინფორმაცია? ასე თუ ვიმსჯელებთ, ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ და ამას დღეს წერტილი დაესვა.
თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას ჩემთან შეკითხვები ექნება, ნებისმიერ დროს მზად ვარ, რომ ვუპასუხო”, – განაცხადა მერაბ მალანიამ.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
