შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები.”
„ჩვენ ვნახეთ ათეულობით ადამიანის აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და შესაბამისი ჰუმანური მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ამავდროულად ვნახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ისინი უნდა შეეწირონ იმ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამოყენება პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნა გარე მმართველობის დამყარების საფუძველზე.
თვითონ კონკრეტულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ბატონი ბურჭულაძე რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად მის გვერდით მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დანაშაულებრივ ქმედებას და ქვეყნის დამხობის, არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, დადასტურებულია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის დეკემბერში ან ნოემბერში არ ტარდებოდა, არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს. ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ, ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით
პირს. კეთილი ინებონ და აღიარონ თავიანთი დანაშაულებები და თუ მოინანიებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ იქნება, ჰუმანური მიდგომა,”-განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ წერილი გუშინ ციხიდან გამოაქვეყნა. მისი თქმით, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. „ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში”, -წერს ბურჭულაძე.
