“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, ყველანაირ კრიტიკას ცდება და “გედის სიმღერაა, წასვლის მომასწავებელია“.
“პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი ბოროტი პრემიერი, როგორიც ირაკლი კობახიძეა.
“კობახიძემ თქვა, რომ პენიტენციური სისტემა მაღალ დონეზე აკონტროლებს ვითარებას. რას ნიშნავს კონტროლი კობახიძის გადასახედიდან? უკვე ამდენი პატიმარი გამოდის და აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის ამბავი ვიცით, რა საშინელება გაიარა მან. სხვა პატიმრების წერილები ვრცელდება, ადვოკატები აცხადებენ, რომ არის ზეწოლა პატიმრებზე, ფიზიკური ანგარიშსწორება, ძალადობა, მუქარა და ა.შ. კობახიძის გადასახედიდან კონტროლი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ცხრა კაცი ცხოველებივით დაახტეს პატიმარს დეესკალაციის ოთახში. მათ მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ეს ეტყობა ჩხრეკაა. თავად ის პოზა, რა პოზიციაც მიაღებინეს პატიმარს, ეს უკვე არის მისი ღირსების შემლახავი. ის ფაქტი, რომ ექიმი კი არ აწარმოებს სხეულში შეღწევას, არამედ რეზინის ხელთათმანიანი ბადრაგის ერთ-ერთი წევრი, ესეც კანონის უხეში დარღვევაა. პატიმარს დეესკალაციის ოთახში, სადაც ის არის აბსოლუტურად დაუცველი და ბადრაგის სახით სახელმწიფო უნდა იცავდეს, 9 თუ 10 კაციანი ცხოველთა, ველურთა დაჯგუფება ახტება.
