„ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
„კარგად გვახსოვს, როდესაც გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერი, მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით საქართველო ნამდვილად იყო ლიდერი ასოციებულ ტრიოში, ნამდვილად ჰქონდა განსაკუთრებულად დიდი მიღწევები თითქმის ყველა მიმართულებით. მაგრამ დღეს ვხედავთ, იმ ძირითადი ღირებულებების ნაწილში, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სამართლიან სასამართლოს, დემოკრატიას და ა.შ. გვაქვს სერიოზული უკუსვლა. „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს ავტორიტარიზმში. როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი ხელით „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, ანუ განსხვავებული აზრი და დაამკვიდროს ერთპარტიულობა, ეს რაიმე თანხვედრაში შეიძლება, მოდიოდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან?“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, მთავარია პოლიტიკური ნაბიჯები, პოლიტიკური ნება, რომელიც არ არსებობს.
„ქართულ ოცნებას“ დღეს არჩევანი აქვს გაკეთებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. ამიტომ არის მზად, უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, როგორც კი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და როგორც კი გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას მყისიერად დაკარგავს. პოლიტიკური ნების ნაწილში დღეს, რა თქმა უნდა, მოლდოვაც და ის ქვეყნებიც, რომელზეც საუბარია, საქართველოსთან შედარებით წინ არიან. ამ ქვეყნებს აქვთ მისწრაფება ევროკავშირის ღირებულებებისადმი და მათ მიერ გატარებული რეფორმები მიუთითებს, რომ ეს ქვეყნები მზად არიან, მიიღონ გამოწვევა, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, ფუნდამენტური ღირებულებების შესრულებას – ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სამართლიან სასამართლოს და თავისუფალ არჩევნებს. სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ამბობს საქართველო უარს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
