საქართველოს მიმართ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება თუ ექნება, ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს.
„ჩვენ გვაქვს არჩეული ჩვენი გზა, მთავარია, ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ეროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკური სურვილი, პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი. ევროკომისიას საქართველოს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება თუ ექნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
