პრემიერობის დაისი მოახლოებულია. ირაკლი კობახიძის გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია – სხვა იღებს გადაწყვეტილებს ვინ ჩამოახრჩოს, ვინ შეიწყალოს და ყველამ ვიცით მისი გვარი და სახელი, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვრცელი გამოსვლა, რომელიც მან მისი პრემიერობის დროს განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე პროექტებზე საუბარს დაუთმო.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე შესაძლოა ჩაანაცვლოს მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც თავად კობახიძემ დღეს ვიცე-პრემიერად დანიშნა.
„მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია. ის, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე სტერილურია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ მასთან არის ანგარიშვალდებული. წმინდა ტექნიკური მთავრობა გაკეთდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მდინარაძეც უცნაური ფორმით ჩამოაშორეს. ფაქტობრივად, ბოლო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა აღგვექვა, როგორც მისი გუნდის წევრი. სიტუაცია შემზადებულია. არ გამოვრიცხავ, რომ [მისი დღევანდელი ვრცელი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე] შეიძლება ამას ნიშნავდეს და მე ეს შემიძლია გავაძლიერო იმითაც, რომ მარიამ ქვრივიშვილი იქნა დაწინაურებული ვიცე – პრემიერად. დღეს მოხდა ესეც. ესეც გარკვეული ნიშანია იმის, რომ პრემიერობის დაისი მოახლოებულია. დასაშვებია, რომ გარდამავალ პერიოდში მარიამ ქვრივიშვილი შეიძლება იყოს დანიშნული პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად, წყვეტა რომ არ იყოს, სანამ ახალი პრემიერი იქნება ხელდასხმული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავად მარიამ ქვრივიშვილი იყოს. დღევანდელი სტანდარტით, რაც გულისხმობს ტექნიკურ მთავრობას, პოლიტიკა მთლიანად უნდა იყოს გატანილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, პოლიტიკა უნდა იყოს ჩაკლული საბოლოოდ. ამ სტანდარტით, მარიამ ქვრივიშვილი, როგორც შედარებით დავარცხნილი, პოლიტიკასთან მაინცდამაინც ახლოს არ გავლილი პრემიერი, ბიძინას დღევანდელი აღქმით, მსოფლმხედველობით არის კარგი კანდიდატი. თან ქალბატონია, არ გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და აგრესიაც მის მიმართ ნაკლებია, ეს ვერსია სიცოცხლისუნარიანია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან კითხვაზე, მათ შორის, ხომ არ შეიძლება ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში იყოს პასუხი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კითხვაზე, რომელსაც ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში სვამს: „გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში მდგომარეობა მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდთან შედარებით?!“ როგორც ხუხაშვილმა განმარტა, „ყველაფერი შეიძლება იყოს“.
„ყველაფერი შეიძლება, ეს ხომ არის მეფის კარზე თამაშები. მე არც კობახიძეს და არც ღარიბაშვილს პოლიტიკური პროცესის რეალურ აქტორად არ აღვიქვამ. იყო პერიოდები, როდესაც მათ საბელი ჰქონდათ დაგრძელებული, მაგრამ ისინი ხომ არ არიან რეალური მოთამაშეები, ეს არის მეფის კარის გარკვეული თამაშები, ამ პატარა ადამიანებს რა განცდები და შფოთები აქვთ. ყველაფერი შეიძლება იყოს. მთავარი და უმთავრესი, ფუნდამენტური ხდება სხვაგან, სხვა იღებს გადაწყვეტილებს ვინ ჩამოახრჩოს, ვინ შეიწყალოს და ყველამ ვიცით მისი გვარი და სახელი. ეს პატარა კაცების რაღაცა ფათიფუთია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, 1-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საკუთარი გამოსვლა, მისი პრემიერობის დროს, სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბარს დაუთმო. ირაკლი კობახიძე მთავრობის ანგარიშის საქმიანობას ნახევარ საათზე მეტხანს აჯამებდა.
