4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი.
შექმნილ ვითარებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ თვლის.
“თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ. მე არ შევალ ურთიერთბრალდებებში, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ყველა პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა მე მიმაჩნია სწორედ, თუ ამ შესაძლებლობას პატიმრები გამოიყენებენ.” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური ძალა 4 ოქტომბრის აქციის არც ორგანიზატორი და არც მონაწილე ყოფილა.
“ჩვენ რომ ჩაგვეთვალა მიზანშეწონილად 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობა, მაშინ ორგანიზატორებიც ვიქნებოდით და მონაწილეებიც, მაგრამ არც ორგანიზატორები ვყოფილვართ, არც მონაწილეები და ამ პერიოდში მთელი დღის განმავლობაში და საღამოს შემდეგ უკვე, ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე”, – განაცხადა ლანა გალდავამ.
