რუსეთში შავი ჭირისგან დასაცავად რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა – ალუმინის ქარხანაში პირბადეების ტარების რეჟიმი დააწესეს – ინფორმაციას გამოცემა Nexta საწარმოს დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ქალაქ შელეხოვში ბევრი „ჭორი და წინააღმდეგობრივი ინფორმაცია“ ვრცელდება. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე საავადმყოფოში სამი კვირით კარანტინი გამოცხადდა.
მათივე ცნობით, სტაციონარებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა: პაციენტებს გარეთ არ უშვებენ, ხოლო ნათესავების ვიზიტი აკრძალულია. 3 ოქტომბერს ბაიკალსკის ხელისუფლებამ მცხოვრებლებს მოუწოდა, შავ ჭირთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შელეხოვში არ გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ეს ოფიციალური შეტყობინება მოგვიანებით წაიშალა.
2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა. 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, დარია შიპილოვაას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა.
ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შავი ჭირის აფეთქების მასშტაბებს მალავენ.
