“ქართული ოცნების” მმართველობის მე-14 წელს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ განათლების სისტემა სისტემურ კრახს განიცდის, -ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი ფაქტი, როდესაც ყვარელში სამარშრუტო ტაქსით გადაყვანილი მოწაფეები ავარიაში მოყვნენ და დაშავდნენ, კარგად მეტყველებს იმ მდგომარეობაზე და სავალალო ვითარებაზე, რომელიც ამ 14 წლის განმავლობაში შეიქმნა განათლების სისტემაში.
ამ ხნის განმავლობაში შვიდჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, 8-ჯერ განათლების მინისტრი. პრაქტიკულად, ყველა ახალი მინისტრი იწყებდა ახალი სამოქმედო გეგმის დაანონსებას განსაკუთრებით განათლების სფეროში. 2016 წელს კვირიკაშვილმა დააანონსა განათლების რეფორმის ახალი მასშტაბური 4-პუნქტიანო გეგმა, 2018 წელს პრემიერმა ბახტაძემ ახალი მასშტაბური ცვლილებების 5-პუნქტიანი გეგმა, 2022 წელს ღარიბაშვილმა 1 მილიარდიანი პროექტი დააანონსა, რომლის პირობებში პრაქტიკულად ყველა სკოლა უნდა ყოფილიყო რეაბილიტირებული და საჭიროების შემთხვევაში ახლად აშენებული და ბოლოს უკვე კობახიძემ და მიქანაძემ დააანონსეს და დაიწყეს განხორციელება ძალიან სწრაფი ბოლო მასშტაბური ცვლილებებისა განათლების ყველა სფეროში, რამაც ასევე ყველა სფეროში ძალიან მძიმე შედეგები უკვე გამოავლინა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი რამ გამოჩნდება ამ თვალსაზრისით.
2019 წლის მარტში მათ დააანონსეს, რომ განათლებაზე დახარჯული თანხა მშპ-ს 6%-მდე უნდა გაზრდილიყო. ამის საფარქვეშ ისინი მასწავლებლების ხელფასების გაზრდას, დაფინანსების გაზრდას პირდებოდნენ მთელ საქართველოს. 2026 წლისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ 6%, 2.3%-იც კი არ არის ეს დაფინანსება და, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მწირია ამ მიმართულებით ეს დაფინანსება და ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნებს, რომელიც ამ სისტემაშია შექმნილი.
“ოცნება” გვპირდებოდა 400 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყოველდღიურად ვხედავთ რა მდგომარეობაშია სკოლები დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ვხედავთ იმას, რომ უკვე დაწყებული სასწავლო წლის პირობებში ბავშვებს სკოლებს უცვლიან, სკოლები წყვეტენ ფუნქციონირებას, მათ შორის საბავშვო ბაღებშიც არის ანალოგიური მდგომარეობა და არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მშობლებისათვის, მოსწავლეებისათვის, ბავშვებისათვის და მათ უწევთ ძალიან დიდ მანძილებზე გადაადგილება შესაბამისი ტრანსპორტით და ხშირ შემთხვევაში, სხვა დასახლებულ პუნქტში წასვლა.
ამჟამად საქართველოს 58 მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასეთი პროექტი და პრაქტიკულად, 88 150 მოწაფე სარგებლობს ასეთი მომსახურებით, ანუ საცხოვრებლიდან შორს გადაადგილდებიან და მეორე და მესამე ცვლაში სწავლობენ. ეს აბსოლუტურად სპობს ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას!
ჩვენ ვიცით რა მდგომარეობა გვაქვს PISA-ს კვლევების მიხედვით წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის თვალსაზრისით. გამეორებაც კი არ მინდა იმ
მონაცემების, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. UNICEF-ის კვლევის და საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მივიღეთ ცნობა, რომ მოსწავლეების 35% შიმშილობს და დღის განმავლობაში არ იღებს არანაირ საკვებს სკოლაში. ხელისუფლებამ ვერ გამონახა 147 მილიონი ლარი იმისთვის, რომ 1-4 კლასში მაინც სასკოლო კვების უზრუნველყოფა მომხდარიყო. სრულიად გადაიწერა სახელმძღვანელოები, ეს კიდევ ახალი თემა არის, რომელიც პრაქტიკულად იდეოლოგიური ჭრილის შეცვლას და ისტორიის გადაწერას გულისხმობს.
ამ პირობებში, 22 737-მა მოსწავლემ საერთოდ შეწყვიტა სწავლა სკოლებში და წავიდა საზღვარგარეთ და ეს როგორი მაჩვენებელია დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობ ზედმეტი განმარტება არ სჭირდება.
ნაცვლად დეპოლიტიზებისა, რომლის თაობაზე ყოველთვის იყო ლაპარაკი, ჩვენ მივიღეთ სრულად პოლიტიზებული სისტემა დაწყებული უმაღლესი სასწავლებლით და დამთავრებული ბაღებით. სამწუხაროდ, ნაცვლად დეცენტრალიზაციისა, მივიღეთ სუპერ ცენტრალიზებული სისტემა და ის სისტემური კრახი, რომელიც დღეს არის – ისე იღებენ სკოლების გაჩერების და მოსწავლეების სხვაგან გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილებებს, რომ სკოლის დირექტორებმაც კი არაფერი იციან, ავისმომასწავებელია და ეს სისტემური კრახის კიდევ ერთი ნიშანია.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ სასკოლო ფორმებზე, ბავშვებს სავალდებულოდ ჩავაცვით სასკოლო ფორმები, მაგრამ წავართვით სკოლები. ასეთი ვითარება გვაქვს დღეს საქართველოში შექმნილი. არასრული ჩამონათვალია რაც მე ახლა მოგახსენეთ იმიტომ, რომ
უამრავი რამ არის როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, რაც კრახს მოასწავებს, ისე სასკოლო მიმართულებით და სკოლამდელი განათლების სფეროში.
ამ 14 წლის განმავლობაში უამრავი ტყუილის, უპასუხისმგებლობის არაპროფესიონალიზმის ფონზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალი გაწირა სიღარიბისთვის, უცოდინრობისთვის, სიბნელისთვის, რაც მასშტაბური ღალატის კვალიფიკაციას იძენს, – განაცხადა ჩიხრაძემ.
