აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის “გააფხაზებას” გეგმავს – დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად შეტანილია ცვლილება, რომელიც გალის მოსახლეობას ქართული გვარების აფხაზურად გადაკეთებისა და ეროვნების “აფხაზად” დაფიქსირების შესაძლებლობას სთავაზობს, რასაც შემდგომ დე ფაქტო მოქალაქეობის მიღებაც მოჰყვება.ცვლილება უნდა შევიდეს “სამოქალაქო სტატუსის შესახებ” დე ფაქტო კანონში. პროექტში ნათქვამია, რომ “აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლება მიეცემა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, ეთნიკური აფხაზები არიან, ან იმ ადამიანების პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX-XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება”.
“კანონპროექტი” ე.წ. სამართლებრივ კომიტეტში უკვე მოიწონეს და მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დე ფაქტო პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ეს ცვლილება გათვლილია გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის. ლაპარაკია დაახლოებით 30 000 კაცზე. მათ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა 2011 წელს ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობის გამო და მას შემდეგ მხოლოდ ბინადრობის ნებართვები აქვთ, რაც მათ აფხაზეთში ცხოვრების გარდა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებას უზღუდავს, მათ შორის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, საკუთრების ფლობასა და ბიზნესის დაწყებას.
ინიციატივას ოპოზიციურ პარტიებსა და ორგანიზაციებში მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა. გავრცელდა ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ “კანონის” მიღება “უკიდურესად საშიშ რისკებს” ქმნის. მათი შეფასებით, გააფხაზებულ ქართველებს ოფიციალური თბილისი ქართული გავლენის გასაზრდელად გამოიყენებს, ხოლო “არააფხაზი ჯაშუშები” შეძლებენ “სამთავრობო ორგანოებში” შეღწევას და ანტიაფხაზური გადაწყვეტილებების მიღებას. განცხადების ავტორები წერენ, რომ თუ გალელები “აფხაზეთის მოქალაქეები გახდებიან და ამავე დროს საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებენ”, ისინი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებზე, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმების ინიცირებასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში”. მათი შეფასებით, ეს საფრთხეს შეუქმნის იმ ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც “უზარმაზარი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული”. ისინი მოითხოვენ, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა და გაიმართოს საკითხის ფართო, დეტალური საჯარო და სამეცნიერო განხილვა.
“სურთ, ქართველები ხელოვნურად აფხაზებად აქციონ”
პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: – აფხაზეთში მიზანმიმართული “გაქართველების” პოლიტიკა არ ყოფილა და რასაც ახლა აფხაზები ამბობენ, მას არანაირი კავშირი არა აქვს არც მე-19 საუკუნესთან და არც სტალინ-ბერიასთან.
დღეს აფხაზების მთავარი პრობლემა დემოგრაფიაა და ამის მოსაგვარებლად ცდილობენ ისტორია მოიხმონ. აფხაზები ცოტანი არიან და მათი მიზანია, ეს სურათი რამენაირად სათავისოდ შეცვალონ. იქვე აქვთ გალის რაიონი, სადაც ძალიან ბევრი ერთიანი გვარის ხალხია, მათ შორის ისეთი გვარების, რომლებიც ერთდროულად გვხვდება ქართველებშიც და აფხაზებშიც და ცდილობენ ეს გამოიყენონ. სომხურ ან რუსულ გვარს ვერ აქცევ აფხაზურად, მეგრული წარმოშობის ქართულ გვარზე პარაზიტირება კი იოლია.
მეგრული წარმოშობის გვარებში ბევრი აფხაზური ძირია. დედაჩემი კვაზავა იყო და ძალიან ბევრი აფხაზია კვაზავა. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამიტომ ქართული გვარებით ძალიან იოლია აფხაზური პოპულაციის გაბერვა. მათი არგუმენტები, რომ თითქოს ეს ადამიანები ოდესღაც აფხაზები იყვნენ და შემდეგ პოლიტიკის შედეგად გაქართველდნენ, მხოლოდ მიამიტი ობივატელისთვის შეიძლება იყოს დამაჯერებელი. განაგრძეთ კითხვა …
