ჰოლი ბერის ყოფილ ქმარს, ფრანგ მსახიობ ოლივიე მარტინესს,12 წლის ვაჟის, მასეოს, მეურვეობა მიენიჭა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარტინესმა მსახიობი შვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
შემაკავებელი ორდერი ხუთშაბათს გაიცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერისა და მარტინესის მიერ აქამდე გაზიარებული 50/50 მეურვეობის რეჟიმი შეიცვალა და მსახიობს შვილის ნახვა მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეებში შეეძლება.
საქმის მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
მარტინესმა სასამართლოში განაცხადა, რომ 26 სექტემბერს ბერი მასეოს ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობმა შვილს უთხრა, რომ ვირტუალური რეალობის სათვალით თამაშისას “სულელურად“ გამოიყურებოდა და “ნამდვილი იდიოტი“ იყო.
მარტინესის მტკიცებით, კამათი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ის აცხადებს, რომ ბერი შვილს თავს დაესხა, კისერზე ხელი მოუჭირა და მისი დახრჩობა სცადა. მისი თქმით, ამ დროს მსახიობი ეკითხებოდა შვილს: “ვინ არის ახლა დომინანტი?“
ჰოლი ბერი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატის, მარინა ბეკის განცხადებით, მარტინესის სარჩელი “სრულიად უსაფუძვლო და განზრახ შეცდომაში შემყვანია“.
საქმე მხოლოდ ბოლო ინციდენტს არ ეხება. მარტინესმა სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ ბერიმ მასეოს ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა და განქორწინების პროცესთან დაკავშირებული უთანხმოების დროს შვილთან რასობრივი შინაარსის განცხადებებს აკეთებდა.
ჰოლი ბერი და ოლივიე მარტინესი 2013 წელს დაქორწინდნენ და 2015 წელს დაშორდნენ. მათი განქორწინების პროცესი რვა წელი გაგრძელდა და საბოლოოდ 2023 წელს დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტინესს მატეოსთვის ყოველთვიურად 8 000 დოლარის ოდენობის ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
