ერთწლლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია ისევ პროტესტს უბრუნდება. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ არც ქვეყნიდან წასვლას გეგმავს და არც სახლში ჯდომას.
მისი მთავარი გეგმა იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომლის აქტიური მონაწილეც დაკავებამდე იყო.
არაფერი არ მოგვარებულა, სახლში დარჩენა შეუძლებელია, ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა”- უთხრა მან “პირველებს”.
სამოქალაქო აქტივისტმა პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სახლში ჯდომა მათ გამოც არ შეიძლება.
ხაასაიამ ციხეში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს მზაობა, პრობლემა მოაგვაროს.
“თვეების წინ, ერთ-ერთმა ქოცმა დეპუტატმა თქვა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრები მადლობებს გვეუბნებიანო, რაც იმ დღეს იმ ადამიანს აგინეს სხვადასხვა კამერებიდან… ასე თუ გააგრძელებენ კიდევ უფრო გააბრაზებენ ადამიანებს”- თქვა ხასაიამ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. გლდანის ციხესთან მას კოალიციის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
ხასიას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.
