26 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა, რამაზ სვანაძემ ვილი სანიოლი ჩაანაცვლა და ამ მოულოდნელი ცვლილების შედეგად, 21-წლამდელები საბერძნეთს, გიორგი ადამიას ხელმძღვანელობით შეხვდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი მოწინააღმდეგე გუნდის უპირატესობით წარიმართა და ბერძნები მე-5 წუთზე ალენის გოლით დაწინაურდნენ.
მასპინძელი გუნდის უკანა ხაზში არსებულ პრობლემებს ბერძნებმა მალევე მეორე გოლით უპასუხეს – ბაკულისმა მე-13 წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ტემპს უმატეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს მეტოქის კართან, შეტევებს ზუსტი დასასრული აკლდა, რასაც ვერ ვიტყვით სტუმრებზე –
65-ე წუთზე პნევმონიდისის გოლით, საბერძნეთმა გამარჯვება განიმტკიცა და საბოლოო ანგარიშმა 0:3 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი თამაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საკმაოდ რთულ მეტოქესთან – ჩრდილოეთ ირლანდიასთან უწევს, რომელიც ბალიმენაში 1 ოქტომბერს გაიმართება.
