სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. სახელმწიფო შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.
ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 33 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის დაცემას წინ რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები უძღოდა. 27 ივლისს სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.
1993 წლის 1-20 აგვისტო: ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.
1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე.
იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.
დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი.
დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.
