„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში” – თქვა კალაძემ Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე.
გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”
