მაინტერესებს არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროკავშირის მიერ რუსი ბიზნესმენების სასანქციო სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან საეჭვოა.
„კონკრეტულ ოლიგარქებზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაღალი დამაჯერებლობის უნდა იყოს მათი სანქციებისგან გათავისუფლება, რადგან კარგად ვიცით, იყო ოლიგარქი და არ იყო პუტინის აგენტი, რთული წარმოსადგენია. ვინც არ იყო პუტინის პირდაპირი აგენტი, ან მოიცილეს, ან მოკლეს, ან გააქციეს. ამიტომ, მართლაც ძალიან საეჭვო გახლავთ ხოლმე, რომ ადამიანები შეიძლება, გათავისუფლდნენ სანქციებისგან. ამიტომ, მაინტერესებს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც უნდა გავეცნო, რადგან ვფიქრობ, სანქციების აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები უნდა სრულდებოდეს ისე, რომ ორმაგი სტანდარტის განცდა არ რჩებოდეს. ეს გადაწყვეტილება საეჭვოა, რადგან ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება, იყო ოლიგარქი და არ იყო პუტინის აგენტი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.
