პროკურატურის განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. მათ შორის, დავით ფეიქრიშვილს. უწყება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.
ასევე, 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებითაც დააკავეს – საქმე ეხებოდა მილიონზე მეტ ლარს.
გარდა ამისა, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.
