მაია გვილავა ცხრა წელი ელოდა იმ დღეს, როცა გენეტიკურ ტესტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი გამოჩნდებოდა. ყოველ დილით და საღამოს ამოწმებდა მონაცემებს, იქნებ კიდევ ერთი სისხლით ნათესავი დამატებოდა და იმ კვალზე გაიყვანდა, რომელსაც წლებია ეძებდა. რამდენჯერმე ეგონა, რომ პასუხთან ახლოს იყო, თუმცა უშედეგოდ.
31 მაისის დილა კი მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა. ტელეფონში გენეტიკური ტესტის გახსნისას პირველად დაინახა ახალი ნათესავის მონაცემები – ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, რომ მისი 9-წლიანი ძიების მთავარი კვალის ნაწილი გახდებოდა. სწორედ ამ შემთხვევითმა გენეტიკურმა დამთხვევამ მიიყვანა მაიკო გვილავა-რობერტუსი ბიოლოგიურ დედამდე.
მალე კიდევ ერთი ტესტი ჩატარდა და პასუხმა ის, რასაც მაიკო 2017 წლიდან ეძებდა, საბოლოოდ დაადასტურა – ქალი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდა, მისი ბიოლოგიური დედაა. გაირკვა მისი გვარიც – გამისონია, ასევე ისიც, რომ მაიკო ოფიციალური ცოლ-ქმრის მესამე შვილი იყო და მისი მშობლები აფხაზეთიდან იყვნენ.
მაია წლებია გერმანიაში ცხოვრობს, 2024 წელს, როდესაც პირველად ჩავწერე მასთან ინტერვიუ, ერთი თხოვნა ჰქონდა: “ჩუმად მაინც მითხარით, ვისი სისხლის, გვარის და გენის ვარ“. დღეს ამ კითხვაზე პასუხი უკვე იცის. თუმცა დარჩა კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ბიოლოგიურ დედას თავადაც დაუსვამს – რატომ არ დაიწყო მისი ძებნა მაშინ, როცა მაიკო მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახს ეძებდა
– მაია, 9-წლიანი ძიების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეთ: “დამტკიცდა სისხლით დედა-შვილობა“. როგორ გაიგეთ ეს ამბავი და რა იყო პირველი ემოცია, როცა გენეტიკური პასუხი ხელში გეჭირათ?
– ბიოლოგიური დედა ვიპოვე გენეტიკური ტესტით. უფრო სწორად, ჯერ დამემატა მისი ძმისშვილი გენეტიკურ ტესტში. მან უბრალოდ, როგორც მოხალისემ, ისე გაიკეთა ტესტი და ამ დროს კვალზე გამიყვანა. შემდეგ ვთხოვე სავარაუდო ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირება, რადგან მასაც გაეკეთებინა გენეტიკური ტესტი სიზუსტისთვის. ისიც დამთანხმდა და ერთ თვეში მოვიდა პასუხი, სადაც დადასტურდა ჩვენი დედა-შვილობა. როგორც კი პასუხი მოვიდა, მივიღე ტელეფონში შეტყობინება: “პასუხები მზადაა, შეგიძლიათ იხილოთო“. ასე იყო ეს 9 წელი – შევდიოდი და ყოველთვის 0% მხვდებოდა. იმ წუთას ათასმა ფიქრმა ერთად გამიელვა: “იქნებოდა თუ არა ის ქალი დედა?“
მოკლედ, როცა დადებითი პასუხი ვნახე, ამიკანკალდა მთელი სხეული. ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად. ვხვდებოდი, რომ სულიერი სიმშვიდე დამიბრუნდა, თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდი.
– თქვენ უკვე იცით, რომ თქვენი ბიოლოგიური გვარია გამისონია და ორივე მშობელი აფხაზეთიდანაა. რა გახდა ამ ძიებაში გადამწყვეტი?
– 9 წელი ვეძებდი ბიოლოგიურ ოჯახს, ბევრს ვაკეთებდი ამისთვის, ვყიდულობდი ტესტებს, ვტესტავდი ხალხს, იქნებ გავიდე კვალზე-თქო, ვიქექებოდი არქივში, ვიძლეოდი ინტერვიუებს, ვწერდი სოციალურ ქსელში, ვაკეთებდი ვიდეომიმართვებს და ყველაფერი უშედეგო იყო. ეს 9 წელი იმედი არ დამიკარგავს, რომ ვიპოვიდი სიმართლეს. ყოველი დილა და საღამო ვამოწმებდი გენეტიკურ ტესტებს, იქნებ ვინმე სისხლით ნათესავი დამმატებოდა და კვალზე გავეყვანე. განაგრძეთ კითხვა…
