“ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ იქ?! სად არის ლოგიკა?! – გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნის მტრობა ძალიან ცუდად დამთავრდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “იგლ ჰილსის” წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტულ ძალებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ და ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ კონკრეტულ ძალებს. “იგლ ჰილსი” საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს ძალიან აშინებთ იმ ადამიანებს და ძალებს, ვინც ამ სრულიად თითიდან გამოწოვილ აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ. საქართველოში 4 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან, 0.3%, 7 არაბული სახელმწიფოდან გამოსული ადამიანები არიან.
ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომ საზოგადოება ააღელვონ. ეს რომ ასე არ არის, თვითონაც კარგად იციან. “ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ “ტრამპ თაუერში”?! სად არის ლოგიკა?! როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ეს არის “ნამახვანჰესი 2”. ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს რომ არ გაუვათ, აქციის მონაწილეების რაოდენობითაც ჩანდა. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, კაი ხანია, ყველა დარწმუნდა. საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები რომ კარგად არავის დაუმთავრდება, ცალსახაა. ესეც გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნის მტრობა ძალიან ცუდად დამთავრდება,” – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს. ორგანიზატორების აცხადებდნენ, რომ აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს.
