თურქეთში ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ დაწყებულმა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა გამოძიებამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო. ბაქირქოის რესპუბლიკურმა პროკურატურამ 18 ადამიანის დასაკავებლად შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა პოპულარული თურქი მსახიობი აფრა სარაჩოღლუ.
სარაჩოღლუ ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ის ამჟამად თურქეთში არ იმყოფება, თუმცა როგორც კი ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ. გავრცელებულ ინფორმაციას თავადაც გამოეხმაურა.
სარაჩოღლუს განცხადებით, გამოძიების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მისი თქმით, ქვეყანაში არყოფნა წინასწარ დაგეგმილ საქმიან ვიზიტს უკავშირდება.
მსახიობმა დაადასტურა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას აპირებს.
“ამჟამად თურქეთში არ ვიმყოფები, რადგან წინასწარ დაგეგმილ საქმიან ვიზიტზე ვარ. უმოკლეს დროში დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში და სამართალდამცავ ორგანოებთან სრულად ვითანამშრომლებ. მშვიდად ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სარაჩოღლუმ.
