თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ნარიმანიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისი დეიდა, მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი… თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ…
რაც შეეხება დათოს მკვლელობის საქმეს – ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება. ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე, და მინდა იცოდეს, რომ დაცვის მხარის ყველა სტრატეგია მაქვს გაანალიზებული და პასუხი ყველაზე ერთია: ვერ გამოძვრება! მშვიდობიანი ღამე ყველას…”
მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს სიახლეებს გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, რომელიც შეძრა ამ მკვლელობამ:
„მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული ჰქონდაო, წინა დანაშაულზე გირაო გადახდილი არ ჰქონდაო, მთელი თბილისის მაღაზიები გაქურდული ჰქონდაო!!! ეს იყო თავისუფლებაზე და ჩვენი ანგელოზი ბავშვი მოკლა, სრულიად უკონფლიქტო, მხიარული, უთბილესი, ზრდილობიანი დათუნა… სრულიად უცხო მივიდა სადაც იყვნენ, უკითხია, აქ რა ხდებაო? მერე აუღია ჭიქა ამ მკვლელს, დათოს ფეხზე რაღაც მოხვდა მძიმე, ზაფხულს, და შენ ფეხზე რატო არ ადექი, მე რომ ვდგავარო. ხელი გადახვია და წამო ერთი იქითო, წამებში პროფესიონალი მკვლელივით ჯერ არტერია გადაუჭრა და მერე გულში ჩაარტყა… მკვლელს თან ახლდა ორი მეგობარი (სახელებსა და გვარებს ჯერ არ ვწერ), რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ მოკლა ბავშვი და გაიქცნენ.
მათ გაქცევაზე ახლა არ ვწერ ( შეუტყობინებლობაც არაა, პოლიცია მაშინვე მივიდა).
მინდა გითხრათ, რა მოხდა შემდეგ: ეს არსებები სახლში მივიდნენ, დაწვნენ და დაიძინეს. მშვიდად და ტკბილად ეძინათ, სანამ პოლიცია არ მივიდა და ჩვენების მისაცემად განყოფილებაში წასაყვანად არ გააღვიძა…
თქვენ, ვინც მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ხართ, იაზრებთ, რა დონის საზიზღარი და გულქვა ადამიანები გყავთ ახლობლად?”
ლოტკინის დასახლებაში, საზარელი მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
