ურსულა ფონ დერ ლაიენს ვთხოვთ, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობა აიგოს, ერთ ერთ საკითხად ყოველთვის იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“მე მინდა გაჩვენოთ წერილი, რომელიც მოგვივიდა ჩვენი წერილის საპასუხოდ. ეს წერილი გავუგზავნეთ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვთხოვეთ მას და ზოგადად ევროსტრუქტურებს, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობა აიგოს, ერთ ერთ საკითხად ყოველთვის იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ, სადაც იცით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში.
ქალბატონი ფონ დერ ლაიენის პასუხი მოვიდა გუშინ, რომლითაც ის გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, მადლობას გვიხდის ამ წერილისთვის და პირობას გვაძლევს, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც სირიის ინტერესებშია ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების და სხვა ტიპის თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ნახსენები აფხაზეთის ე.წ. აღიარების საკითხის უკან წაღება.
სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება და ამიტომ, ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით, შეიძლება იყოს გადამწყვეტი…
ეს ელენეს [ხოშტარია] ინიციატივა იყო იმთავითვე და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ინიციატივა ყოფილიყო წარმატებული და ის შედეგი მოეტანა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მოიტანა, მაგრამ მთავარი შედეგი წინ არის. ეს აღიარება უკან უნდა წაიღოს სირიამ. ეს არ არის მარტივი იმიტომ, რომ ძალიან დიდია სირიაში ეთნიკურად აფხაზთა მოსახლეობა და საკმაოდ გავლენიანი ლობი აქვს სირიაში აფხაზებს, ამიტომ, სამუშაო ძალიან ბევრია იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება არათუ მუშაობს ამ საკითხზე, არამედ პირიქით, ყოველდღიურად აუარესებს ამ მიმართულებას და ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა გავწიოთ ეს ჭაპანი და მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისა ამგვარ საკითხებში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებაში დემოკრატიული ოპოზიცია არ მოსულა, მაგრამ ესეც აუცილებლად მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან” – განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
