მესტიიდან, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული პიროვნება მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
“დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული პიროვნება ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
