სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ დეკრეტული შვებულების თანხას ყადაღა არ დაედება, იმ შემთხვევაში თუ ორსული სასესხო დავალიანებაზე ვერ იხდის და მისი საქმე უკვე აღსრულებაშია გადაცემული, – კანონში შესატან აღნიშნულ ცვლილებაზე დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.
კერძოდ, როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა რატი იონათამაშვილმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას.
მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.
