კომპანია Anthropic-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოავლინა და აღკვეთა მის ხელოვნურ ინტელექტუალურ მოდელზე (Claude) განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობებს უკავშირდებოდა. Threat Intelligence-ის უახლეს ანგარიშში აღწერილი ეს ფაქტი AI-ის მკვლევართა იმ საგანგაშო გაფრთხილებების სერიას ემატება, რომლებიც ტექნოლოგიის მხრიდან კაცობრიობისთვის შესაძლო გლობალურ რისკებზე მიუთითებენ.
Anthropic-ის მონაცემებით, კომპანიამ დაბლოკა მეცნიერების მცდელობები, რომლებიც AI-ს ბიოლოგიური იარაღის შემუშავებისთვის იყენებდნენ. ანგარიშში ხაზგასმულია ხუთი კონკრეტული შემთხვევა, სადაც მოდელები ბიოლოგიური საფრთხის შემცველი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რისკი, რადგან სათანადო უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
“იგივე ინფორმაცია, რაც გამოიყენება ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, ვაქცინის ან დაავადების სამკურნალო მედიკამენტის შესაქმნელად“, – აღნიშნავს კომპანია. Anthropic-ის საფრთხეების დაზვერვის ხელმძღვანელმა იაკობ კლაინმა გაზეთ New York Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს უაღრესად კომპლექსური სიტუაციაა და საქმე არ გვაქვს კომიქსების ბოროტმოქმედებთან, რომლებიც პირდაპირ ყველას დახოცვას ითხოვენ.
