“ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გვხვდებიან, ჩვენში გარკვეულ ანარეკლს ტოვებენ. მათგან გამორჩეულები ახდენენ უდიდეს შთაბეჭდილებას”, – ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე და ამ ნიშნით მისი ცხოვრებიდან 3 მნიშვნელოვან ადამიანს არჩევს.
ირაკლი ჩარკვიანი და ილიკო სუხიშვილი
– ირაკლი მამაჩემის მხრიდან გავიცანი. პირველად მთაწმინდაზე, საფრანგეთის საელჩოში შევხვდი, სადაც მშობლებმა წამიყვანეს. დახურული საღამო იყო, ირაკლის სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა და გავგიჟდი, ისე მომეწონა. იქ რაც მოვისმინე, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. იმ პერიოდში ყველა ერთნაირად იცვამდა, ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა, რიგი მიზეზების გამო, ადამიანები ჩარჩოებიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და ირაკლი იყო ის, ვინც ეს ყველაფერი დაანგრია, ჩარჩოები გაარღვია. მან ძალა მომცა, თავდაჯერებულობა შემძინა. თურმე შეიძლება სხვანაირიც იყო, თურმე შეიძლება არ ჰგავდე ყველას და იყო განსხვავებული. შეიძლება ასე იცხოვრო და არ მოგკლან, არ გცემონ, არ დაგძრახონ… ირაკლიმ ჩემში, როგორც თინეიჯერში, უდიდესი ტრანსფორმაცია მოახდინა, ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. იმ მოცემულობაში თეთრი ყვავი იყო, მან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ხიბლი დამანახა.
ამის შემდეგ ვაკის პარკში, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მან ჩემში დიდი აფეთქება მოახდინა. როგორც “ბითლზებმა” მოახდინეს გავლენა ადამიანების ცნობიერებაზე, ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც. მისი სამყარო მხოლოდ მიმზიდველი კი არა, სამაგალითოც აღმოჩნდა.
სანამ ირაკლი გარდაიცვლებოდა, იყო ასეთი გადაცემა – ოჯახს ერთი თვე ტელევიზიის კამერა იღებდა. პირველი ირაკლის ოჯახი გადაიღეს, შემდეგ ესტაფეტა მე გადმომცა და ჩემთან იღებდნენ. თავად ეს ფაქტი იყო მნიშვნელოვანი, პატივად ჩავთვალე.
იყო შემთხვევა, როცა მამაჩემი მანქანით მეგობრებს (მათ შორის ირაკლის) სახლებში არიგებდა და მეც მასთან ერთად ვიყავი… ირაკლი ყველა პრობლემას თავისებურ ახსნას უძებნიდა, აღფრთოვანებული ვუსმენდი, ის მხოლოდ მუსიკით კი არა, ინტელექტითაც ძალზე საინტერესო კაცი იყო. ზოგიერთისთვის მიუღებელიც, მაგრამ ეს მას არანაირად არ აკნინებდა.
მეორე ადამიანი, ვინც ჩემზე ზეგავლენა მოახდინა, ილიკო სუხიშვილია. 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი და იმ დღიდან მოვიხიბლე. ილიკო ჩემზე 6 წლით უფროსია, მაგრამ ვეპყრობოდი და ვეპყრობი, როგორც გაცილებით უფროს ადამიანს. როცა ლაპარაკობს, იმდენად საინტერესო აზრები აქვს, სიტყვას ვერ ვაწყვეტინებ. სულ ვცდილობ, მისი ენერგეტიკა შევისრუტო. მომწონს, როგორც წარმოადგენს თავის გვარს და ოჯახს, მომწონს ის, რასაც აკეთებს. ილიკოზე ამის შვილია და იმის შვილიშვილია, ვერ იტყვი, ამ კაცზე გენი არ გაცვეთილა. გამბედავია, თამამი, გემოვნებიანი, ნიჭიერი. ისე გაათანამედროვა ცეკვები, ბევრი ვერ გაბედავდა. არ ეშინია, რომ რაღაც არ გამოუვა. განაგრძეთ კითხვა...https://www.ambebi.ge/article/348901-bevri-celi-ise-mabulinges-gvaris-shecvlazec-ki-vp/
