საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე განამრტავს, რამდენად არაკონსტიტუციურია ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე “ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება და რამდენად წინააღმდეგობაში მოვა ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკასთან.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოყვანილი არგუმენტები მწირი და არასაკმარისია იმისთვის, რომ ოპოზიციის აკრძალვა მოხდეს.
ამასთან, იმ ზიანზე საუბრობს, რომელსაც მიიღებს არამხოლოდ პარტიები, არამედ ქვეყანა, თუ ოპოზიცია ქვეყანაში აიკრძალება.
ადამიანის უფლებათა სტანდარტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში შეიძლება ამ საფუძვლით პარტიების აკრძალვა, როდესაც საფრთხე არის რეალური და მყისიერი. დღესდღეობით ვერ ვხედავთ ჩვენ ვერანაირ საფრთხეს, რომ ეს პარტიები ქვეყნის დემოკრატიულ მოწყობას რაიმე ტიპის საფრთხეს უქმნიდნენ და მითუმეტეს ეს საფრთხე არის მყისიერი და აკრძალვა არის აუცილებელი. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ამ სტანდარტს კონკრეტულად არ აკმაყოფილებს ეს სარჩელი. “ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე და ამ პარტიის პოლიტიკაში შენარჩუნება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს და ომის საფრტხეს ქმნის, ეს არის არგუმენტების მეორე ხაზი. ამ საფუძვლით პარტიების აკრძალვა უფრო საშიშ პრეცედენტს შეიცავს, რადგან ეს საფრთხეს არა მარტო ენმ-ს, არამედ, ზოგადად, ქვეყანას შეუქმნის, იმიტომ რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ “ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი აგვისტოს ომის დაწყებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრებს პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო სასამართლო და ბუნებრივია, ამ საფუძვლით არ უნდა მოხდეს სარჩელის დაკმაყოფილება, – განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს.
