სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრაში მონაწილე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ კოჩიევი თბილისში დაკავებულ “სამხრეთ ოსეთის მოქალაქესა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ თამაზ გოლოევთან” დაკავშირებით საუბრობს.
„გოლოვევის საქმეზე საქართველოს მხრიდან ჯერჯერობით არანაირი დამაჯერებელი პასუხი არ მოგვისმენია. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, არის ის, რომ ის ჯერ ბრალდებულიც კი არ არის, ის მესამე მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა ქართული მხარე ამ მესამე მხარეს არ ასახელებს.
როგორც ქართული მხარე ამტკიცებს, მას ყველაფერი კარგად აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია. თუმცა, როგორც გესმით, ჩვენ ქართული მხარის მიმართ ნდობა არ გვაქვს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც მისი პატიმრობის ადგილას მონახულება შეეძლებოდათ, ჯერჯერობით მასთან წვდომა არ მიუღიათ“, – განაცხადა კოჩიევმა.
კოჩიევის თქმით, “ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება შეეძლო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია (ICRC), რომლის წარმომადგენლობაც სამხრეთ ოსეთშიც არის. თუმცა, მისი განცხადებით, ICRC-ის წარმომადგენლები დაკავებულთან ამ დრომდე არ დაუშვიათ”.
„ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ თამაზ გოლოევი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოინახულონ, რათა მათ დაადასტურონ, ნამდვილად კარგად გრძნობს თუ არა ის თავს. ბუნებრივია, ვიცით, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის არსთან დაკავშირებით პასუხებს ვერ მიიღებენ, თუმცა, სულ მცირე, შეძლებენ დარწმუნდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“.
თამაზ გოლოევი თბილისში 2026 წლის 22 აპრილს დააკავეს. მას ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
იმავე დღეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა და თბილისს გოლოევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
