კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი იკითხება. ის დაცვის მხარის მოწმეა.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ანდრია ლილუაშვილი მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. თუმცა, პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მჭიდრო კავშირები.
„ანდრია ლილუაშვილი, ერთ-ერთ ეპიზოდზე, რაც გრიგოლ ლილუაშვილს აქვს წარდგენილი, მსჯავრდებულის სტატუსის მატარებელია. ის, როდესაც მისი საქმე განიხილებოდა, ბრალად წარდგენილ ქმედებას არც ერთ ნაწილში არ აღიარებდა, შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ის იმის შესახებ ისაუბრებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან არანაირი საქმიანი და პარტნიორული შემხებლობა არ ჰქონია, რომ ის როგორც ნათესავი, პერიოდულად ხვდებოდა გრიგოლ ლილუაშვილს.
ანდრია ლილუაშვილი ინტენსიურად რომ მიდიოდა სუს-ის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან, ეს თვითონ ანდრია ლილუაშვილის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, მათ შორის, ჩვენ მისი მძღოლი დავკითხეთ, რომელიც ძირითადად ოჯახს ემსახურებოდა, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ის ანდრია ლილუაშვილთან ერთად იმყოფებოდა, პირდაპირ შევიდა სუს-ში. გარდა ამისა, დაცვის თანამშრომლები დავკითხეთ, რომლებიც ამბობენ, რომ პერიოდულად ის იმყოფებოდა სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილთან.
თქვენ იცით, რომ ანდრია ლილუაშვილს ჩამოერთვა საკმაოდ დიდი ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონება, ანდრია ლილუაშვილის მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ და შუალედური დასკვნა მოვიდა, სადაც ვნახეთ, ანდრია და გრიგოლ ლილუაშვილებს შორის აქტიური მიმოწერა. მაგალითისათვის, გრიგოლ ლილუაშვილი სისტემატურად უგდებდა გარკვეული უძრავი ქონების სურათებს, მათ შორის, მხოლოდ სახლებზე არ იყო საუბარი, გარკვეულ მიწებზე, ფართებზე იყო საუბარი და მსჯელობდნენ, რა ეყიდათ და რა – არა. მათ შორის, უგდებდნენ გარკვეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციებს. ერთ-ერთი „ქოლ ცენტრის” თანამშრომლის ინფორმაციას, რომელიც დავკითხეთ, ანდრია ლილუაშვილს გრიგოლ ლილუაშვილი უგზავნიდა. რაც შეეხება „ქოლ ცენტრს”, მფლობელების და მმართველების დაკითხვით დადასტურებულია, რომ ანდრია ლილუაშვილმა მფარველობა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით აღუთქვა. ადამიანები ჰყვებიან შემთხვევას, როცა შევიდნენ ერთ-ერთ „ქოლ ცენტრში” სხვა დაჯგუფების წევრები და ითხოვდნენ მფარველობის გადაცემას, თუმცა, როცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული „ქოლ ცენტრი” იყო, დაურეკეს ხელმძღვანელებს და ბოდიში მოუხადეს. ბუნებრივია, ეს მოცემულობა მხოლოდ ანდრია ლილუაშვილის შესაძლებლობებით ვერ იქნებოდა მართული, ის უბრალოდ იყო ბიზნესმენი”,- აცხადებს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
