ფლორიდის შტატის პროკურორები აპირებენ სიკვდილით დასჯა მოითხოვონ ოთხი ბავშვის მიმართ მრავალწლიანი ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი ზრდასრული ადამიანისთვის. გამომძიებლების თქმით, არასრულწლოვნები ფაქტობრივად ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში სატვირთოს კაბინაში იყვნენ გამოკეტილები, იტყობინება New York Post.
ბრალდებულები არიან 51 წლის კეიშა მონიკ ეპსი და მისი 37 წლის საცოლე, ტამრა მარშონ სტიუარტი. ეპსი მუშაობდა სატვირთოს მძღოლად და რეგულარულად მოგზაურობდა მაიამისა და ატლანტას შორის. წყვილთან ერთად, კაბინაში იმყოფებოდა ორი გოგონა და ორი ბიჭი, რომლებიც ამჟამად ხუთიდან ცხრა წლამდე ასაკის იყვნენ.
გამომძიებლების თქმით, ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს სატვირთოში იყვნენ გამოკეტილები. მათ არ ჰქონდათ ტუალეტისა და შხაპის მიღების, ვარჯიშისა და სამედიცინო მომსახურების უფლება. ისინი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდნენ. გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პატიმრობის გამო, ბავშვებმა არაბუნებრივი სიარული დაიწყეს.
ოთხივე პატარას ორსართულიან საწოლზე ეძინა, იძულებული იყვნენ, ერთმანეთის გვერდით მოკალათებულიყვნენ. ორ ბავშვს დაუმუშავებელი დამწვრობა აღენიშნებოდა, რამაც თვალსაჩინო ნაწიბურები დატოვა. ერთ ბავშვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია დაუდგინდა.
გამომძიებლები სტიუარტს ასევე ადანაშაულებენ გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში. როდესაც ბიჭები ინციდენტს შეესწრნენ და წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, სავარაუდოდ, მან თავში დაარტყა მათ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეპსმა იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერ დაიცვა ბავშვები და სტიუარტთან განაგრძო მათი დატოვება.
ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა ჯეიმს უტმაიერმა ინციდენტს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საქმე უწოდა, რომელიც მის გუნდს ოდესმე განუხილავს. მან თქვა, რომ ბავშვები „ბორბლებზე ციხეში“ აღმოჩნდნენ და ბრალდების მხარე აპირებს ბრალდებულებისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვოს. ფლორიდის კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდადებული ზრდასრულებისთვის.
ეპსი და სტიუარტი 6 აგვისტოს დააკავეს და დუვალის ოლქში პატიმრობაში იმყოფებიან. მათ არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის სექსუალური ძალადობა და ბავშვზე ფიზიკური ძალადობა.
