შეუძლია თუ არა ადამიანს, უბრალოდ ინტუიციით, დაახლოებით მაინც განსაზღვროს, რამდენ ხანს იცოცხლებს? – მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ათასობით ხანდაზმული ადამიანის მონაცემები თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში შეისწავლეს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების მიერ საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფასება სრულიად შემთხვევითი არ ყოფილა – ვისაც უფრო მაღალი ასაკის მიღწევა ჰქონდა ნავარაუდევი, საშუალოდ მართლაც უფრო დიდხანს იცოცხლა. თუმცა აღმოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო რამ: ადამიანების უმრავლესობა საკუთარ სიცოცხლის ხანგრძლივობას რეალურზე ნაკლებად აფასებდა.
28 წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტ ადამიანს აკვირდებოდნენ
მკვლევრებმა იაპონიაში ჩატარებული ხანგრძლივი კვლევის მონაცემები გამოიყენეს, რომელშიც 60 წლის და უფროსი ასაკის 2 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის დასაწყისში ადამიანებს ერთი მარტივი კითხვა დაუსვეს: „რამდენ წლამდე ელოდებით, რომ იცოცხლებთ?“
პასუხები საკმაოდ განსხვავებული იყო – მონაწილეები საკუთარ სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობას 63-დან 120 წლამდე ასახელებდნენ.
შემდეგ მკვლევრები მონაწილეებს თითქმის 28 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში 1 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, ათწლეულების წინ გაკეთებული პროგნოზები მათი რეალური ასაკისთვის შეედარებინათ.
აღმოჩნდა, რომ გარკვეული კავშირი ნამდვილად არსებობდა: რაც უფრო მაღალ ასაკს ასახელებდა ადამიანი საკუთარი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობად, მით უფრო დიდხანს ცხოვრობდა ის საშუალოდ. ეს კავშირი კვლევის მიხედვით მაშინაც შენარჩუნდა, როდესაც მეცნიერებმა გაითვალისწინეს მონაწილეების ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი ის იყო, რომ ადამიანები ხშირად უფრო მოკლე სიცოცხლეს ელოდნენ, ვიდრე რეალურად ჰქონდათ.
მონაწილეთა დაახლოებით 59%-მა იმ ასაკს მიაღწია ან გადააჭარბა, რომელსაც კვლევის დასაწყისში საკუთარ სიცოცხლის სავარაუდო ზღვრად ასახელებდა. განაგრძეთ კითხვა…
