ადამიანის უსაფრთხოების, მისი სიცოცხლის უფლების დაცვა ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო რთულდება. დღე არ გავა მკვლელობის, უბედური შემთხვევის, ავარიის და სხვა რამ დანაშაულის ამბავი არ გავრცელდეს. თბილისი შეძრა ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილების კორპუსში მომხდარმა ამბავმა – საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან 27 წლის მამაკაცის მიერ ნასროლი სკამი 11 წლის მოზარდს – ვატო ნარსავიძეს დაეცა, რომელიც უმძიმესი მოტეხილობებით კლინიკაში რჩება.
ისმის კითხვა შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება? – საქმე ისაა, რომ ბრალდებული, რომელიც დაკავებულია, ნარკომომხმარებელია, რომელიც, როგორც ამბობენ, აგრესიულობით აქამდეც გამორჩეოდა. ქვეყანაში ნარკომანიის მასშტაბი მართლაც უსაზღვრო ხდება – თანამედროვე ტექნოლოგიური პირობებში, ნარკორეალიზატორები რა ხერხს აღარ იგონებენ ადამიანების საკუთარ მახეში მოსაქცევად და მათამდე საწამლავის მისატანად. მასშტაბური ნარკოპოლიტიკის გარეშე, ეს პრობლემა ოდნავადაც კი ვერ შემცირდება.
როგორც მეზობელი გვიყვება, ის ამ დღესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დედის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა.
“ვატო მომავალი ფეხბურთელია, ხშირად ეზოშია, ვარჯიშობს. იმ საღამოსაც ბავშვები წყაროსთან ისხდნენ მამაკაცი, რომელმაც სკამი ისროლა, თურმე ძალიან აგრესიულად იქცეოდა, განსაკუთრებით დედის მიმართ. ყველაფერი დალეწა აივანზე. ყვავილებიც კი დამტვრეულია.
დედას გამოუძახებია პატრული. პატრულის ეკიპაჟები რომ დაინახა, სკამი ისროლა. ვატო, რომელიც წყაროსთან ბავშვებთან ერთად იჯდა, ადგა და პატრულთან მივიდა, უნდა ეთქვა, კორპუსიდან რაღაცებს ისვრიანო და ის სკამი ვატოს მოხვდა თავში. ბავშვი ძირს სახით დაეცა.
ეს ბიჭი იმდენად არაადეკვატური იყო, იძახდა, – მე არ მისვრიაო. პირობითი ჰქონდა, ნარკომანიის გამო. კიდევ კარგი, პატრულის თანამშრომლებმა მოახერხეს, კორდონი გააკეთეს და ისე გაიყვანეს, თორემ მაგ უბედურს ჩაქოლავდნენ” – ამბობს მეზობელი ია ჩავლეიშვილი.
ახლა უმთავრესი ბავშვის გამოჯანმრთელებაა.
როგორც ახლობელი ამბობს, ვატოს გუშინ უკეთესობა დაეტყო.
“სხეული დაცხრა. რეაქციები ჰქონდა. მდგომარეობა უმძიმესია. იმდენი მოტეხილობა აქვს ჩამოთვლაც კი არ შემიძლია. თავის ქალა, ლავიწის ძვალი, კისრის მალა. დღევანდელ დღეს თუ შევინარჩუნებთ ასე სტაბილურად, ხვალ შეაღვიძებენ აუცილებლად,“ – ამბობს ის.
როგორც უკვე აღვანიშნეთ, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თუმცა ეს არ ხსნის მთავარ კითხვას, როდესაც ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვუშვებთ, დაგიბრუნდებიან კი შინ ჯანმრთელები?
