მოსკოვს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება სურს – „ინტერფაქსის“ ცნობით, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, „მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებს“ რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს.
შევცოვის თქმით, რუსეთს ამ მიმართულებით „მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან“.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება და ამას ვაკეთებთ კიდეც ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირები მარტივი ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“, – განაცხადა შევცოვმა, „ინტერფაქსის“ ცნობით, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
