“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე დეზინფორმაციას, ტყუილს და ცილისწამებებს აწვდიდნენ და დაარწმუნეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უღალატა.
მისი განცხადებით, დაკავებული ექს-პრემიერი “ცრუ დასმენებისა და დაბეზღებების მსხვერპლი” აღმოჩნდა.
ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები მასთან შეთანხმებული არ არის და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლად მოქმედებს.
პრაქტიკულად ღარიბაშვილი აღმოჩნდა ცრუ დასმენების და დაბეზღებების მსხვერპლი, ეს იგულისხმება, ჩემი აზრით, მის სტატუსში, სადაც ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს, რომ ის შეიყვანეს შეცდომაში. ბიძინა ივანიშვილს დეზინფორმაციას, ტყუილს და ცილისწამებებს აწვდიდნენ მდინარაძე და კობახიძე და როგორც ჩანს, იმდენი აწვეთეს და აწვეთეს, რომ დაარწმუნეს ღარიბაშვილის მოღალატეობაში და ღარიბაშვილს არ უღალატია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამ წერილებიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს სულ პატივისცემით მოიხსენიებს, ეს იყო შეკერილი, შეთხზული ჭორები და ცილისწამებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედებს დამოუკიდებლად, არანაირი მისი ქმედებები არ არის ჩემთან შეთანხმებული, არც უნდა იყოს და არც ვარ ინფორმირებული,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
