მზად არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად? – ეს კითხვა “ტვ პირველის” ჟურნალისტმა რუსთავის ციხიდან გამოსულ, ყოფილი პრემიერის ცოლის დას დაუსვა. ნათია თამაზაშვილი ირწმუნება, რომ “ამ საკითხზე მას და ირაკლის არ უსაუბრიათ”.
თამაზაშვილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა, ჟურნალისტებტან არც იმას ამბობს, რა გეგმა აქვს ღარიბაშვილს და აპირებს თუ არა კიდევ ერთი მამხილებელი წერილის გავრცელებას.
“გეგმებზე ვერ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში და თუ რაიმე იქნება დამატებით, რასაც გადავწყვეტთ, რომ უნდა იყოს ცნობილი, აუცილებლად ვიტყვით.
განცხადებაში ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი, რა და როგორ, დამატებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ნათია თამაზაშვილი.
ჟურნალისტებმა ადვოკატს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს ღარიბაშვილი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებაზე, რომლებმაც თქვეს, რომ “ყოფილი პრემიერი, „ნაცმოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ”:
„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს თამაზაშვილი.
კითხვაზე, თუ რამდენად არის ღარიბაშვილის უსაფრთხოება დაცული, ადვოკატი ამბობს, რომ – “შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში”.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს.
„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო ამ ეტაპისთვის არაფერი მომისმენია. შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში და ვფიქრობ, ძალიან მკაფიო და ნათელია. ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, თუ რამე ექნება თავისი პოზიცია და ვფიქრობ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი ღირსეული პასუხი ექნება. ბრძოლა ამ შემთხვევაში საკუთარი თავის და ოჯახის დაცვაში გამოიხატება და დანარჩენი მივყვებით პროცესს “, – აცხადებს თამაზაშვილი.
