მთავრობას სექტემბერში საწვავის შესყიდვა 31 თეთრამდე კიდევ გაუძვირდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, აგვისტოში (წინა თვესთან შედარებით) მთავრობას საწვავი 50 თეთრამდე გაუძვირდა.
როგორც აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, მთავრობას სექტემბერში (აგვისტოსთან შედარებით), 1 ლიტრი სუპერის და პრემიუმის ტიპის ბენზინი 18 თეთრით, რეგულარი 17 თეთრით ხოლო დიზელი – 31 თეთრით მეტი დაუჯდება.
უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს სექტემბერში 3.52 ლარად შეიძენს (აგვისტოში 3.34 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, სექტემბერში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 3.22 ლარი იქნება (აგვისტოში – 3.04 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.
ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა სექტემბერში 3.19 ლარად შეიძენს (აგვისტოში 3.02 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 4.01 ლარია, (აგვისტოში 3.70 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება.
2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 709.28 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 740.69 აშშ დოლარი იყო; 2026 წლის იანვარში ბენზინი 642.73 აშშ დოლარი, ხოლო დიზელი 650.06 აშშ დოლარი ღირდა; თებერვალში ბენზინის ფასი 686.53 აშშ დოლარი, დიზელის – 701.59 აშშ დოლარი იყო; მარტში ბენზინის ღირებულებამ 973.39 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 1207. 97 აშშ დოლარი შეადგინა; აპრილში ბენზინის ფასი 1060.01 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1302.23 აშშ დოლარი; მაისში ბენზინი 1127.09 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი – 1154.62 აშშ დოლარი; ივნისში ბენზინის ფასი 948.65 აშშ დოლარი იყო, დიზელის 977.20 აშშ დოლარი; ივლისში ბენზინის ღირებულებამ 1 032.80 აშშ დოლარი, დიზელის კი – 1 179.40 აშშ დოლარი შეადგინა; აგვისტოში ბენზინის ფასი 1 115.26 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1 306.80 აშშ დოლარი.
