მთავრობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის არსებული მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების შემოღებას გეგმავს. ახალი კანონპროექტით განისაზღვრება აბსოლუტურად აკრძალული და პირობითად დასაშვები სავაჭრო პრაქტიკები, ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და პასუხისმგებლობის სისტემა.
ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.
დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის აბსოლუტურად აკრძალულ და პირობითად დასაშვებ სავაჭრო პრაქტიკებს. კანონპროექტი ასევე დაადგენს კანონის აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს, მის უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობის ეფექტიან, პროპორციულ და პრევენციულ სისტემას.
შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. მოგვიანებით, ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, პარლამენტში კი ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა.
საპარლამენტო ფორმატში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც FMCG სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.
კომისიამ დასკვნა მაისის პირველ ნახევარში წარადგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. მათივე ცნობით, მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რითეილ სექტორის მსხვილმა მოთამაშეებმა ფასდაკლებების აქციები დაიწყეს. მოგვიანებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა, სადაც მომხმარებლებს ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალის ნახვისა და ფასების შედარების შესაძლებლობა ეძლევათ.
