„ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირებასა და ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ განცხადებას თაზო დათუნაშვილი „კრიმინალურ გარჩევებად“ აფასებს. მისი თქმით, პროცესები ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვითარდება, თუმცა ვითარება უკვე იმდენად ქაოსურია, რომ მოვლენების შემდგომი განვითარების პროგნოზირება შეუძლებელია.
დათუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირების ფარგლებში ახალი საქმეები და ბრალდებებიც გახდეს საჯარო.
ყველაფერი არის ქაოსი, რომლიც ავტორიც არის ივანიშვილი, რომელიც ხდება ივანიშვილის გამო, ტრიალებს ივანიშვილის გარშემო. შესაბამისად, რა იქნება შემდეგი სერია ვირთხების რბოლაში, ამის გათვლა ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის კრიმინალური გარჩევები. შესაბამისად, ახლა შემდეგი თორნიკე რიჟვაძის საქმე იქნება, არ ვიცი გარეჯი საქართველოასი თუ კიდევ რა გამოვარდება, ეს არის კანიბალიზმი, ეს არის ერთმანეთის კისერში კბილებით ჩაბღაუჭება, ერთმანეთის სისხლს სვამენ და ახლა საპასუხო რა იქნება, ეგეც ხომ სანახავია, ახლა კობახიძემ უნდა გამოაგდოს რაღაც სიბინძურე და ფაქტია, რომ ამ პროცესს ვერ აკონტროლებს უკვე ივანიშვილი, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას – კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა.
