“საპენსიო შენატანების გამო დაწესებული ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი – ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა””საპენსიო შენატანების გამო დაწესებული ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი – ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა”
“ეს ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი – ბიზნესში არ არსებობდა არც ცოდნა და არც გამოცდილება საპენსიო შენატანების დეკლარირების”,- ამის შესახებ Tax&Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი “ფეისბუკ” გვერდზე წერს.
როგორც ის განმარტავს, ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა. ამასთან, ზურაბ ძნელაშვილის განმარტებით, არ არსებობდა არც საპენსიო ფონდის და არც სასამართლო პრაქტიკა ამ ტიპის დარღვევაზე რეაგირების, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების არასწორად დაჯარიმება გამოიწვია.
გთავაზობთ ზურაბ ძნელაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საპენსიო ფონდის მიერ ბიზნესისთვის დაწერილ ჯარიმებს ვერ უშველის ფონდში გასაჩივრების მექანიზმის შემოღება (მით უფრო, რომ ნაწილ მათგანზე გასაჩივრების ვადაც გასულია, ნაწილი კი უკვე აღსრულებაშია გადაცემული). ეს ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი და სუფთა ფურცლიდან არის დასაწყები ურთიერთობა ბიზნესთან.
ჯერ ერთი, ბიზნესში არ არსებობდა არც ცოდნა და არც გამოცდილება საპენსიო შენატანების დეკლარირების და გადახდის კუთხით და ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა.
მეორეც, არ არსებობდა არც საპენსიო ფონდის და არც სასამართლო პრაქტიკა ამ ტიპის დარღვევაზე რეაგირების, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების არასწორად დაჯარიმება გამოიწვია.
მესამე, ხარვეზებია ჯარიმების და საურავების მარეგულირებელ კანონმდებლობაშიც და ადმინისტრირების პრაქტიკაშიც. მაგალითად, საპენსიო შენატანის გადაუხდელობის გამო დაწესებულია ჯარიმაც და საურავიც, რაც ერთი ქმედებისთვის ორი სანქციის შეფარდებას ნიშნავს, ეს კი დაუშვებელია.
შედეგად – ისედაც გადატვირთული სასამართლო კიდევ დაიტვირთა ამ ჯარიმებზე შეტანილი საჩივრებით (ფონდში გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის გამო, ეს ჯარიმები პირდაპირ სასამართლოში საჩივრდებოდა). ფონდში გასაჩივრების მექანიზმის შემოღების შემდეგ კი სასამართლოში გაუსაჩივრებელ ჯარიმებზე დიდი ოდენობის საჩივრები ფონდში შევიდა.
სასამართლო ან ფონდი ამ ჯარიმებს როდის განიხილავს და რა შედეგებს დადებს, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.
დამატებით დაიტვირთა აღსრულების ეროვნული ბიუროც – ძალაში შესული ჯარიმების იძულებით ამოღების მიზნით. ყველა იძულებით აღსრულებაზე კი დაჯარიმებული პირი მოვალეთა რეესტრში ხვდება და დამატებითი შეზღუდვები უწესდება.
მოკლედ, საჭიროა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით საპენსიო ფონდის მიერ შეფარდებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან ამ პირების გათავისუფლება (ფინანსური ამნისტია).
დღეს ბიზნესისთვის ამაზე ჰუმანურ აქტს პარლამენტი ვერ მიიღებს. ამ ნაბიჯით კი ეშველება ბიზნესსაც, საპენსიო ფონდსაც, აღსრულების ბიუროსაც და სასამართლოსაც”,- წერს ზურაბ ძნელაშვილი.
ცნობისთვის, მხოლოდ ერთ თვეში, ივლისში არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო, დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობამ 2 მლნ ლარს გადააჭარბა. ჯამში კი, ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინა 6 753 160 ლარით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისში საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი მხოლოდ 846 089 ლარი შევიდა. ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯარიმის მოცულობის ზრდა სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.
ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.
რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.
