მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების ზრდამ გადაზიდვის ხარჯებზეც აისახა და გარკვეულ მიმართულებებზე ამანათების ტარიფების ზრდა გამოიწვია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ Inex Group-ის გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, გაზაფხულზე, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, ავიაკომპანიებმა გადაზიდვის ტარიფები გაზარდეს, რის გამოც გადამზიდებმაც გარკვეულ მიმართულებებზე ფასები დააკორექტირეს.
მისივე ინფორმაციით, ტარიფების ცვლილება ძირითადად საჰაერო გადაზიდვებს შეეხო და Inex Group-ს აშშ-ისა და ბრიტანეთის მიმართულებებზე ფასების გაზრდა მოუწია.
„ხარჯი, რა თქმა უნდა, გაიზარდა. გაზაფხულზე, როდესაც რადიკალურად მოიმატა საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად, ყველა კომპანიამ ტარიფები დააკორექტირა. მოგვიწია ჩვენც გარკვეული მიმართულებების მხოლოდ რედაქტირება. ძირითადად ეს შეეხო საჰაერო გადაზიდვებს, ვინაიდან ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს გადაზიდვის ტარიფები. ამიტომ ჩვენც იძულებული გავხდით, რომ საჰაერო მიმართულებით ჩამოსულ ამანათებზე, მაგრამ არა ყველა საჰაერო მიმართულებაზე, მხოლოდ ორ მიმართულებაზე მოგვიწია ფასის გაზრდა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ბრიტანეთის მიმართულებით ტარიფი 1 ფუნტით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით 1.7 დოლარით გაიზარდა.
„ეს დაახლოებით 12-15%-იან ზრდას შეადგენს. აღნიშნული ცვლილება ერთჯერადი იყო და მას შემდეგ ტარიფების დამატებითი ზრდა არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვის ღირებულება მცირედით კიდევ გაიზარდა.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ტენდენცია არის შენარჩუნებული, რომ მაღალი ფასები ფიქსირდება ნავთობპროდუქტებზე და შესაბამისად, ტარიფებიც უცვლელია ჯერჯერობით“, – განაცხადა Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, გადაზიდვის ხარჯები კომპანიის საერთო ხარჯებში მნიშვნელოვან წილს იკავებს და ტარიფების შემდგომი ცვლილება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზე იქნება დამოკიდებული.
„ფაქტობრივად, ჩვენი ხარჯების უდიდესი წილი არის გადაზიდვის ხარჯები, ჩვენი პირდაპირი საწვავის ხარჯი, რასაც ჩვენი ავტომობილები და სატვირთო მანქანები მოიხმარენ, ასევე რასაც ავიაკომპანია ითხოვს. ამიტომ იმის თქმა, რა იქნება შემდეგში, ძალიან რთულია და პირდაპირ არის დამოკიდებული მსოფლიო ნავთობის ფასებზე.
თუ რადიკალურად კიდევ არ გაიზარდა ტარიფი მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ არ ველოდებით მეტ ზრდას. იგივე შეიძლება ითქვას უკუპროცესზე – თუ შემცირდა მნიშვნელოვნად ფასები და ჩვენ მოგვეცა საშუალება ძირითადად მაინც ავიაკომპანიებისგან, რომ ტარიფები შევამციროთ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
