“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფირმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ბატეთის ტბა 19 წლით იჯარით გაიცა.
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
უწყების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.
ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორთმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.
მოიჯარეს ტერიტორიის გამოყენება საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის შეუძლია. ტბასთან ინვესტორს დროებითი ეკო-კოტეჯების, კაფე-რესტორნის, აუზისა და პარკინგის განთავსების უფლება ექნება.
კომპანიას ტბასთან ხეების მოჭრა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. ასევე არ არის დაშვებული „საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა და არსებული საგზაო კომუნიკაციების აღდგენა“.
