მხოლოდ ერთ თვეში არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო, დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობამ 2 მლნ ლარს გადააჭარბა.
ჯამში კი, ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინა 6 753 160 ლარით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისში საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი მხოლოდ 846 089 ლარი შევიდა. ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.
სახელმწიფო ხაზინის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდირების გარეშე) მიხედვით, 2026 წლის თითოეულ თვეში არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო, დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობა ასე გამოიყურება:
იანვარი – 513 305 ლარი
თებერვალი – 535 058 ლარი
მარტი – 504 777 ლარი
აპრილი – 457 397 ლარი
მაისი – 576 510 ლარი
ივნისი – 2 154 587 ლარი
ივლისი – 2 011 526 ლარი
გაზრდილი მაჩვენებელი, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.
ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.
რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.
ცნობისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 34 826-მა პირმა ისარგებლა. ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 178.2 მლნ ლარი. 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.758 მლნ ადამიანს შეადგენს .ამასთან, საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 9.7 მლრდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.
