აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას – გაჩაღებული აქვთ კამპანია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას -ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ -ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ყარაბაღთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს „აფხაზეთთან პარალელად არ უნდა გაიგოს ვინმემ“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას“, „ქართულ ოცნებას“ კი აქვს ამოცანა, ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას.
„აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. შეგახსენებთ გია ბარამიძის განცხადებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია შემდეგ ნიკა გვარამიას, სამადაშვილის და სხვების განცხადებებთან. ბარამიძის განცხადებით დაიწყო ყველაფერი. მათი დავალებაა, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას. მათ შორის, კამპანია, რომელიც წარმოებს საწვავის შეტანასთან დაკავშირებით, ეს ზუსტად აქეთკენაა მიმართული, პირდაპირ კავშირშია ბარამიძის გაცხადებასთან, რომ, რამენაირად, ხელი უნდა შეუშალონ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას. გია ბარამიძის განცხადება, კამპანია საწვავის შეტანის წინააღმდეგ, გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ ერთიანი კამპანიის ნაწილი. ისინი ნერვიულობენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს კონკრეტული მიმართულებით. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, მერე არ უნდა გწყინდეს, რომ უსამშობლოს გიწოდებენ. ვგულისხმობ იგივე გვარამიას განცხადებას, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა, რომ აფხაზეთის ჩაბარება იქნებოდა ტკივილისგან გათავისუფლება, ისტორიული მეხსიერებისგან გათავისუფლება.
რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს დავით ბერძენიშვილს გაატესტვინეს ეს საკითხი, თვეების წინ, რომელმაც თქვა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ისტორიული მეხსიერებისგან, ტკივილისგან. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე იმისთვის, რომ მაშინ ეს საკითხი აეწიათ. ახლა „გამოაგორეს“ კიდევ ერთი უცხოელი აგენტი გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი.
გაჩაღებული აქვთ კამპანია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას. არ უნდა ეწყინოთ, როცა უსამშობლოებს ვეძახით და პატრიოტიზმს ვუწუნებთ, რომელიც სინამდვილეში არ აქვთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა სცადონ უცხოელმა აგენტებმა პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით.
სახელმწიფოს აქვს მკაფიო პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით, მათ შორის მიღებული გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც ეწოდება “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. წლების წინ დამტკიცდა ეს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და ა.შ. და იგივე ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ასევე ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. თუმცა თქვენ ხედავთ გაჩაღებულ კამპანიას ამ ყველაფრის წინააღმდეგ. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა – ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა – ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია“ და ფაშინიანით იმიტომაა აღფრთოვანებული, რომ მან „ტრავმების დამარცხება შეძლო“. ამ თემაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა „არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან იმ მიზეზით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს დაულაგდებოდა ურთიერთობა და ევროკავშირისკენ მეტი პერსპექტივა ექნებოდა“. მისივე თქმით, იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე ყარაბაღთან დაკავშირებით.
„რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ ნუ, მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველები ვედავოთ სომხებს,“- აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ არის აფხაზეთთან პარალელი და არ უნდა გაიგოს ვინმემ არასწორად.
„ტრავმის ნაწილზე ვამბობ. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია, არცერთი აღიარებით“,- აღნიშნა გვარამიამ.
